Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




ახალი კორპუსების უმეტესობა 20 წლის შემდეგ დაშლას დაიწყებს

date 22 ნოემბერი 2016
article411.jpg

  "თბილისი განწირული ქალაქია, სადაც აშენებული კორპუსები შეიძლება, მალე ჩამოინგრეს", - ასეთ დასკვნას აკეთებენ სპეციალისტები, რომლებმაც წლების წინ მშენებარე სახლების ბეტონის სიმტკიცე შეამოწმეს და სავალალო შედეგი მიიღეს. მაშინ, როდესაც კორპუსის მშენებლობისას ბეტონის სიმტკიცე 300 მარკას უნდა შეესაბამებოდეს, ყველა შემოწმებული ობიექტში ეს მაჩვენებელი 150-ის დონემდე იყო. უფრო მეტიც, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლის ბეტონის სიმტკიცე 100 მარკაზე ქვევით აღმოჩნდა. ასეთი სახლები 20-25 წლის შემდეგ დაშლას დაიწყებს. ამ ვადის ნახევარზე მეტი კი უკვე გასულია.

ორგანიზაციას "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელ ანზორ საკანდელიძის განცხადებით, 2004 წელს, საკრებულოს დეპუტატებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სპეციალისტებთან ერთად, თბილისის მასშტაბით 40 შენობა შემოწმდა. ყველა მათგანში ბეტონის სიმტკიცე 150 მარკას არ აღემატებოდა, როდესაც საპროექტო გათვლებით 300 მარკა მაინც უნდა ყოფილიყო.

"ჩვენ მარტო ობიექტებზე არ შეგვიშვეს. ამიტომ თბილისის საკრებულოს მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე მანუჩარ მაჩაიძე და 4-5 დეპუტატი დავისწარით და სამშენებლო ფაკულტეტის სპეციალისტებთან ერთად დავიწყეთ შემოწმება. სავალალო მდგომარეობა აღმოჩნდა, ბეტონის სიმტკიცე საპროექტო გათვლის ნახევარი იყო", - ამბობს ანზორ საკანდელიძე.

უფრო მეტიც, მრგვალ ბაღთან, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე მშენებარე სახლში (მისი მშენებლობა ახლა უკვე დასრულებულია და იქ უკვე ხალხი ცხოვრობს) ბეტონის სიმტკიცე 80 მარკა იყო. ამიტომ საკრებულოს ამ სახლის დანგრევის გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვეს.

"საკრებულოს სხდომაზე ობიექტის დანგრევა მოვითხოვეთ. არ დაანგრიეს და თქვეს, რომ გავაძლიერებთო. როგორ შეიძლება იმ კარკასის გაძლიერება, სადაც ბეტონის სიმტკიცე 300 მარკის ნაცვლად 80 მარკაა, თუმცა რაღაც სამუშაოები მაინც ჩაატარეს და დღეს უკვე იქ ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ვაი იმ ცხოვრებას. არადა, მქონდა ინფორმაცია, რომ ზუსტად იმ პერიოდში ბაქოში დიდი მშენებლობა მიდიოდა, თურქების მიერ აშენებული სამი 16-სართულიანი კორპუსი დაანგრიეს, ვინაიდან ბეტონის სიმტკიცე განსაზღვრულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა", - აღნიშნავს საკანდელიძე და დასძენს, რომ ასეთი სახლები 20-25 წელიწადში უკვე დაშლას დაიწყებენ.

"კარკასზე, რომელზედაც დგას მთელი შენობა, თუ ბეტონის მარკა განახევრებულია, დატვირთვას ვერ გაუძლებს და დროთა განმავლობაში შენობას ბზარი გაუჩნდება. ეს ბზარი გაფართოვდება, შიგნით ჩავა წყალი და დაიწყებს ბეტონი დაშლას.

საერთოდ, რკინაბეტონის ექსპლუატაციის ვადა 100 წელია, ასეთი სიმტკიცის ბეტონი კი 20-25 წელში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 40 წელიწადში ჩამოიშლება, შენობა გადადის ავარიულ მდგომარეობაში. მიწისძვრას ხომ საერთოდ ვერ გაუძლებს. თბილისი არის განწირული ქალაქი, ვინაიდან ასეთი ერთეული შემთხვევა როდი იყო, წლების განმავლობაში კორპუსები ფალსიფიცირებული ბეტონით შენდებოდა", - ამბობს ანზორ საკანდელიძე.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილს არ სჯერა, რომ რომელიმე მწარმოებელი ასეთ დიდ რისკზე წავიდოდა და სამშენებლო კომპანიებს 150 მარკის ბეტონს მიჰყიდიდა. მისი თქმით, თუ სადმე რაიმე სახის ფალსიფიკაცია არსებობდა, ამაში დამნაშავე სახელმწიფოა.

"არა მგონია, რომელიმე შენობის ბეტონის სიმტკიცე 150 მარკას შეესაბამებოდეს. საქმე ისაა, რომ ბეტონს სამშენებლო კომპანია არ ამზადებს, მას მშენებელი ქარხნებისგან ყიდულობს. ბეტონის წარმოება კი კუსტარულად არ ხდება. ესენი არის უზარმაზარი ქარხნები. ბეტონი მიქსერში მზადდება, წარმოების დაწყებისა და დასრულების პროსესში აუცილებლად აკეთებენ ამ ბეტონის კუბიკებს, რომლებსაც აწერია წელი. ეს კუბიკები ინახება. თუ აღმოჩნდა, რომ ბეტონის სიმტკიცე სტანდარტებს არ შეესაბამება, ეს არის დარღვევა. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი რამის არსებობა", - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დაინგრეს მთლიანი კორპუსი და კომპენსაცია ქარხანამ გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, როსტომაშვილის აზრით, ფულის დაზოგვის მიზნით ასეთ ავანტიურაზე არც ერთი კომპანია არ წავა.

საკრებულოს ექსდეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ სპეციალისტებთან ერთად თბილისში მიმდნარე სამშენებლო პროცესი შეამოწმეს და ძალიან მძიმე შედეგი მიიღეს. არც ერთი შენობა ხარისხიანი ბეტონით არ შენდებოდა. უფრო მეტიც, მანუჩარ მაჩაიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებისა და საკრებულოში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნის დაყენების შემდეგ, ციხეში ჩასმითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

"მაშინ ვიყავი მშენებლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით დავიწყეთ თბილისში სამშენებლო პროცესის შესწავლა. შედეგი მივიღეთ სავალალო. არც ერთი შენობის ბეტონის სიმტკიცე სტანდარტებში არ ჯდებოდა. ხარისხი იყო ძალიან დაბალი.

დავაყენეთ ასეთი მშენებლობების შეჩერების საკითხი, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ჩვენი მოთხოვნა. ამის გამო კინაღამ დამიჭირეს და ფიზიკურად გამანადგურეს. დიდი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდი", - აცხადებს მანუჩარ მაჩაიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური კვლევა, რათა დედაქალაქმა მოსალოდნელი სერიოზული საფრთხე თავიდან აიცილოს.