მკვლელი მშენებლობები — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



article412.jpg
22 ნოემბ 2016
მკვლელი მშენებლობები

  ყოველი ასეთი ინციდენტის შემდეგ კეთდება მრავალი კომენტარი, რომ საკანონმდებლო რეგულაციები გასამკაცრებელია და მისაღებია ესა თუ ის ნორმატიული აქტი. თუმცა ყურადღების მიღმა რჩება დღეს მოქმედი საკმაოდ სრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციები და მსჯელობა კონტროლის გამკაცრების შესახებ. 
მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების განახლებული რედაქცია საქართველოში ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოქმედებს, ხოლო მათ შესრულებაზე კონტროლი ქალაქ თბილისში მერიას აქვს მინიჭებული. სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების იმგვარ დარღვევაზე რეაგირება, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, საგამოძიებო ორგანოების უფლებამოსილებაა. 
ბუნებრივია, ზემოაღნიშნული რეგულაციები უკმარისობას არ ტოვებს და არ შეიცავს ხარვეზებს. 
მსგავსი ტიპის პრობლემასთან საბრძოლველად სრულიად ადექვატური და რეველანტური საკანონმდებლო ინსტრუმენტებია.
თუმცა, მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და ფატალური შედეგები ძალიან ხშირია, რაც ბადებს შეკითხვას, რა იწვევს აღნიშნულს? 
  უმთავრეს მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტი, რომ ხშირად გაურკვეველია, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.
  მოქმედი კანონმდებლობით, სამშენებლო მოედანზე მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელია მშენებლობის დამკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნორმების დაცვა მშენებლობის დამკვეთის მხრიდან უზრუნველყოფილი არაა, ყველა სახის პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკითხება. 
  როგორ უნდა გავარკვიოთ, დაცულია თუ არა მშენებლობის დამკვეთის მიერ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები?
  თბილისის ტერიტორიაზე, აღნიშნული საკითხის კონტროლის ვალდებულება მერიის კომპეტენციაა, რომელიც მიმდინარე მშენებლობებზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვას ინტენსიურად უნდა აკონტროლებდეს და იყენებდეს საჯარიმო სანქციებს, რაც
3000 ლარს შეადგენს. 
  ამავდროულად, მერიას უპირობოდ შეუძლია მსგავსი მშენებლობების შეჩერება მანამ, სანამ  ყველა დარღვევა არ აღმოიფხვრება. ეს საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, რადგან ყველა მშენებელი კომპანიის მიზანია სამშენებლო პროცესები დროულად და ეფექტურად დაასრულოს. 
  იმ შემთხვევაში, თუ მათ დარღვევები აღმოაჩნდათ, მშენებლობის უსაფრთხოების წესების გამოსწორების მიზნით მშენებლობის შეჩერება მოუწევთ. 
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიის მიერ გამოყენებულ ზომებს  სათანადო შედეგები არ მოჰყვება და მაინც, სამშენებლო მოედანზე მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობას მძიმე შედეგები მოჰყვება, რაც გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, საქმეში  საგამოძიებო ორგანოები ერთვება. მათ შეუძლიათ მშენებლობის დამკვეთი პასუხისგებაში მისცენ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო თუ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის დამრღვევის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი გახდება.
  შესაძლებელია დღეს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით გამოვყოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობის უსაფრთხოების ნორმა, რომელიც ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე ყოველდღიურად და მრავალჯერადად ირღვევა და მასზე სათანადო რეაგირება არ ხდება:
1. სამშენებლო სამუშაოთა წარმოების უბანი და ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტრავმის მიღების შესაძლებლობა 
2. ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები და სხვა ღია სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანის ჩავარდნა, გადავარდნა და სხვ. დალუქული უნდა იყოს ან/და შემორაგული იმგვარად, რომ გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტები.
3. სამშენებლო ობიექტზე მსგავსი ტრავმების მიღების მაღალი რისკის ადგილების შესახებ უნდა განთავსდეს სპეციალური მანიშნებლები და განათებები.
4. ერთ ვერტიკალზე სამუშაოების წარმოებისას მუშები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყვნენ დამცავი ბადეებით, ფენილებით და სხვა საშუალებებით, რათა შემთხვევით სამშენებლო მასალის ჩავარდნის გამო არ მოხდეს ქვედა დონეზე მომუშავე პერსონალის დაზიანება.
5. მშენებლობის ყველა ობიექტზე უნდა იყოს პირველი სამედიცინო დახმარების გასაწევი საშუალებები.
  ცხადია ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნორმების, რომლის დაცვაც ყველა მშენებლობის დამკვეთის ვალდებულებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩაფხუტებზე, რესპირატორებზე და სხვა ელემენტარული აღჭურვილობის არქონაზე რომელიც ასევე, მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას ემსახურება.
  არსებული საკანონმდებლო რეგულაციები, როგორც აღვნიშნეთ, რეველანტურია იმ გამოწვევის მიმართ, რასაც სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა ჰქვია, თუმცა, მათ შესრულებაზე კონტროლი უკეთესის სურვილს ბადებს. 

უჩა ზაქაშვილი, ექსპერტი სამშენებლო სამართალში


რეკლამა