Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




სანქციები ჰაერის დაბინძურებაზე

date 2 ნოემბერი 2018
article521.jpg

  გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის მოსაზრებით, კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, აუცილებელი, თუმცა დაგვიანებულია.
  ჩხობაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტი მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დროულად განიხილავს და  მისი, როგორც კანონის ამოქმედება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდება.
ჩხობაძის შეფასებით, სამშენებლო მტვერი თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და  კარგია, რომ მერია ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა.
როგორც ჩხობაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა არ აქვს, თუმცა აქვს წინადადება. ჩხობაძის მოსაზრებით, სამშენებლო მტვერთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგად აპრობირებული და გამოცდილი საშუალება მწვანე ნარგავებია.
  „ჩვენ ვთავაზობთ ქალაქს, რომ შემოვიდეს დამატებით ახალი კოეფიციენტი, რომელსაც დაერქმევა k4 და იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სახურავებზე გაშენდეს ბაღები, ასევე ვერტიკალური ბაღები გაკეთდეს, რომლებიც დამატებით შექმნის სუნთქვის საშუალებას. ვერტიკალური ბაღების პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში, თბილისშიც არის. ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომ მშთანთქმელები ასეთი რაოდენობით მაინც გავზარდოთ ქალაქში, მტვრის რაოდენობა და ჰაერის დაბინძურება ნელ-ნელა შევამციროთ.  თუ არ შეიფუთა მშენებარე შენობები, არაფერი გვეშველება, ეს გამოცდილი გზა არის მსოფლიოში“– განმარტავს ჩხობაძე.
ჩხობაძე დარწმუნებულია, რომ სანქციების გამკაცრება ეკოლოგიური ნორმების დარღვევაზე შედეგს აუცილებლად მოიტანს, თუმცა ფიქრობს, რომ სანქციების ზომას და მოცულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
  „სანქციებს და დიდ ჯარიმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ისეთი გარემო შევქმნათ, რომ დეველოპერს და მშენებლებს არ უღირდეთ სახელის და იმიჯის გაფუჭება. უნდა შედგეს ყველა სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანიების სია და გავასაჯაროვოთ, ვინ იცავს სამშენებლო სტანდარტებს და ვინ არა,“- აცხადებს ჩხობაძე.
  როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.


რენესანსი