Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




შედუღების სამუშაოები

date 1 დეკემბერი 2017
article461.jpg

მუხლი 18. ელექტროსაშემდუღებლო და აირშესაშემდუღებლო სამუშაოები

1. სამშენებლო მოედნებზე განსაკუთრებულ სიფრთხილესთანაა დაკავშირებული ელექტროტექნიკური მოწყობილობების გამოყენება. მათ გამოყენებამდე საჭიროა იზოლაციის შემოწმება. აკრძალულია შიშველი სადენებით დენის წყაროსთან მათი მიერთება. გადასატანი ელექტროხელსაწყოების კაბელი არ უნდა დასველდეს.
ელექტრული რკალით შედუღებისას:
შემდუღებელმა უნდა გაიკეთოს დამცავი სათვალე ან მუზარადი ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამა სხივებისაგან დასაცავად, ასევე დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანი და ფეხსაცმელი.
საჭერის დადებამდე უნდა გამოირთოს დენი.
შემდუღებელს ჯიბეში არ უნდა ჰქონდეს ასანთი ან სანთებელა.
2. ელექტროშემდუღებელ აპარატებში და მათ მკვებავ წყაროებში გათვალისწინებული და დაყენებული უნდა იყოს ძაბვის ქვეშ მყოფი ელემენტების საიმედო შემოღობვა.
3. ელექტრული დენის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ვისარგებლოთ ორმაგი იზოლაციის მძიმე ელექტროინსტრუმენტით (იზოლირებული გამტარი იზოლირებულ ყუთში, დამიწებული ელექტროინსტრუმენტები და მიწაზე მოკლე ჩართვის სქემები, რომლებიც ავტომატურად გამოთიშავენ ელექტროინსტრუმენტს დენის დამიწებაზე გადასვლისას).
4. სათავსოში ღია რკალით მიმდინარე სამუშაო ადგილებიდან და გასასვლელებიდან შემდუღებლის ადგილი გამოყოფილი უნდა იყოს 1,8 მ სიმაღლის უწვადი ეკრანით. 
ღია ცის ქვეშ შედუღებისას ასეთი შემოღობვა უნდა დაიდგას იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის სიახლოვეს მუშაობს რამდენიმე შემდუღებელი, და ხალხის ინტენსიური მოძრაობის ადგილებში.
5. ელექტროშედუღების სამუშაოების ჩატარება წვიმის და თოვლის დროს, გადახურვის გარეშე დაუშვებელია.
6. დენის მისაყვანად ელექტროდამჭერთან და რკალური შედუღების საჭრელთან, გამოყენებულ უნდა იქნეს იზოლირებული მოქნილი კაბელი, რომელიც გათვლილია მაქსიმალურ ელექტრულ დატვირთვაზე, შედუღების ციკლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
7. შესადუღებელი კაბელის გადაბმა, როგორც წესი, უნდა ხდებოდეს შედუღებით ან მირჩილვით. 
შესადუღებელ მოწყობილობასთან კაბელის მიერთება უნდა წარმოებდეს კაბელთან მირჩილული ბუნიკით.
8. უკუგამტარის ან მისი ელემენტების სახით შეიძლება გამოყენებული იყოს ფოლადის სალტე ან კონსტრუქციები, თუ მათი კვეთი გაცხელებისას უზრუნველყოფს შესადუღებელი დენის გატარებას. უკუგამტარის ცალკეული ელემენტების შეერთება ერთმანეთთან უნდა იყოს საიმედო და წარმოებდეს ჭანჭიკების ან მომჭერების საშუალებით, ან შედუღებით. 
9. დენის გამტარის ჩაწყობის ან გადადგილების დროს საჭიროა მიღებულ იქნეს ზომები მათი იზოლაციიის დაზიანების და წყალთან, ზეთთან, ფოლადის გვარლთან და ცხელ მილსადენებთან შეხების თავიდან ასაცილებლად. 
მანძილი გამტარს, ცხელ მილსადენებსა და ჟანგბადის ბალიშებს შორის უნდა იყოს 0,5 მეტრი, ხოლო წვად გაზებამდე 1 მ მეტი.
10. ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარების დროს სამუშაო ადგილი და მის ქვემოთ მდებარე იარუსი (ცეცხლგამძლე დამცავი საფარის არარსებობის შემთხვევაში) განთავსებული უნდა იყოს წვადი მასალებისაგან მინიმუმ 5 მ-ზე მეტ რადიუსში, ხოლო ფეთქებად საშიში მასალებისა და დანადგარებისაგან 10 მ-ზე მეტ რადიუსში.
11. კონსტრუქციის ელემენტების ჭრისას მიღებული უნდა იყოს მათი ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ზომები.
12. აპარატების, ჭურჭლის და ნებისმიერი სითხის ან გაზის წნევის ქვეშ მყოფი, ან საწვავითა და მავნე ნივთიერებებით შევსებული მილსადენების, ან ელექტროტექნიკური მოწყობილობების შედუღება, ჭრა და გაცხელება დაუშვებელია საექსპლუატაციო ორგანიზაციასთან უსაფრთხოების ღონისძიებების შეთანხმების გარეშე.
13. ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოების შესრულების დროს დახურულ სათავსოში ან კონსტრუქციების სიღრუეში სამუშაო ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით. სათავსოს შიგნით ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უნდა შეადგენდეს 0,3-1,5 მ/წმ-ს. თხევადი გაზით (პროპანი, ბუტანი) და ნახშირმჟავათი შედუღების სამუშაოების წარმოებისას, ვენტილაციას გამწოვი უნდა ჰქონდეს ქვემოდან.
14. ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო წვადი სითხეები ან მჟავები, შედუღებამდე (ჭრამდე) უნდა გაიწმინდოს, გამოირეცხოს, გაშრეს და შემოწმდეს, რათა იგი არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებების საშიშ კონსიტენციას.
15. ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოს ერთდროულად შესრულება ჩაკეტილი დასურული ტევადობის  შიგნით დაუშვებელია.
16. ჭურჭლის შიგნით საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების დროს განათება ხდება სანათის გამოყენების ან გადასატანი ხელის ნათურით, არა უმეტეს 12 ვ ძაბვით, ტრანსფორმატორები უნდა განთავსდეს შესადუღებელი ჭურჭლის გარეთ.
17. სამუშაოს შესრულებისას ხანძარ საშიშ სათავსოებში უკუგამტარი ისე უნდა იყოს იზოლირებული, როგორც პირდაპირი გამტარი.
18. ელექტროშესადუღებელი მოწყობილობების ძაბვის ქვეშ არმყოფი ლითონის ნაწილები, შესადუღებელი ნაკეთობანი და კონსტრუქციები შედუღების მთელი პროცესის განმავლობაში დამიწებული უნდა იყოს, ხოლო საშემდუღებლო ტრანსფორმატორის კორპუსის დამმიწებული ჭანჭიკი საჭიროა მიუერთდეს მეორეული ხვეულის მომჭერს, რომელსაც ასევე უერთდება უკუსადენი.
19. გაზის ბალონების გადაზიდვა, შენახვა, მიღება და გადაცემა შეიძლება განახორციელონ მხოლოდ იმ პირებმა, ვისაც გავლილი აქვთ სათანადო სწავლება.
20. გაზის ბალონები დაცული უნდა იყოს დარტყმითი და მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან. გამთბობი ხელსაწყოდან დაშორებული უნდა იყოს 1 მ მეტი მანძილით.
21. გაზის ბალონები უნდა ინახებოდეს სპეციალურ მშრალ და განიავებად სათავსოებში, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობათა უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნათა შესაბამისად. ცარიელი და გაზით სავსე ბალონები ცალ-ცალკე უნდა ინახებოდეს. 
სამუშაოს დამთავრების შემდეგ გაზიანი ბალონები უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც უცხო პირთა შესვლა გამორიცხულია, ხოლო გადასატანი გენერატორი საჭიროა განთავისუფლდეს კალციუმის კარბიტიდან და გადატანილ იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
22. ჟანგბადის ბალონების ექსპლუატაციის, შენახვის და გადადგილების დროს უნდა ჩატარდეს ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ბალონის ტოტის შეხება საცხებ მასალებთან, ან ტანსაცმელთან და ჩვრებთან, რომელთაც აქვთ ზეთის ლაქა.
23. გაზის ბალონების გადაადგილება უნდა მოხდეს ამისათვის სპეციალური დანიშნულების ურიკით, კონტეინერებით და სხვა მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ბალონების მდგრადობას.
24. გამტარის დამაგრება გაზის ქურის სანთურას ნიპელზე, ტოტზე და რედუქტორზე უნდა განხორციელდეს მოსაჭერი უღლით.
25. აცეტილენის გენერატორების მოთავსება ხალხის მასიურად ყოფნის ან გასასვლელ, კომპრესორებით ან ვენტილატორებით ჰაერის აღების ადგილებში დაუშვებელია.
26. ბენზომჭრელების გამოყენება აირსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას რეზერვუარებში, ჭებსა და სხვა დახშულ ჭურჭლებში დაუშვებელია.
27. შედუღებული ნაკერების გამა-დეფექტოსკოპით კონტროლის დროს საჭიროა დაცულ იქნეს რადიაციული ნივთიერებების და სხვა იონიზებულ გამოსხივების წყაროებთან მუშაობის სანიტარული წესების ძირითადი მოთხოვნები.
28. შედუღებული ნაკეთობების ხარისხის ულტრაბგერით კონტროლის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის ტექნიკური წესები. 
29. წნევის ქვეშ მყოფი დანადგარების საწვავითა და მავნე ნივთიერებებით შევსებული მილსადენების შედუღება, ჭრა და გაცხელება დაუშვებელია.
30. ჭურჭელი ჭრამდე უნდა გაიწმინდოს, გამოირეცხოს და გაშრეს, რომ იგი არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებას საშიში კონცენტრაციით.
31. ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა დაცულ იქნას წინამდებარე სამშენებლო ნორმები და წესები, ლითონის შედუღების, დადუღებისა და ჭრისადმი წაყენებული სანიტარული მოთხოვნები.