არმირებული სარტყელი — MSHENEBLOBA.INFO
Close [X]
Facebook:
MSHENEBLOBA.info



MSHENEBLOBA.INFO




არმირებული სარტყელი

date 28 ნოემბერი 2017
article433.jpg

არმირებული სარტყელი (ე.წ. "ქამარი") მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომელიც იმეორებს არსებული კედლების კონტურს.

  იგი ზრდის შენობის მდგრადობას არათანაბარი ჯდენის, ქარის დატვირთვების, ტემპერატურის ცვლილების, მიწისძვრის და სხვა მოსალოდნელი ფაქტორების დროს. სარტყელი თავის თავზე იღებს და ანაწილებს მოსულ დატვირთვას, რომლის მოწყობაც აუცილებელია, თუ შენობა ერთსართულზე მეტია, პირველივე სართულის კედლების ამოყვანის შემდგომ იწყება სარტყელის მოწყობა.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი:

სარტყელის მოსაწყობად ჯერ საჭიროა ყალიბის გაკეთება, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხის ფიცრები (სისქით დაახლოებით 2სმ). იმისათვის, რომ დაცული იქნას ყალიბის სიგანე, საჭიროა ყოველ 1 მეტრში გაკეთდეს სპეციალური განივი დამჭერები (რომ არ "ითამაშოს" და დაკარგოს ფორმა). მას შემდგომ, რაც ყალიბი მზად იქნება, იწყება არმატურის მონტაჟი. არმატურა ისე უნდა მოეწყოს, რომ მინიმუმ 5სმ იყოს დაცილება მის გარშემო არსებულ კედლებთან (ეს დაშორება შეივსება ბეტონით, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს არმატურის დაცვას გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან).

არმატურისაგან იკინძება/იწნება სივრცითი კონსტრუქცია 4 გრძივი არმატურისაგან, რომელიც შეერთებულია პარალელიპიპედის ფორმით.

მას შემდგომ, რაც აიკინძება არმატურის კარკასი და ჩალაგდება ყალიბში, შესაძლებელია ბეტონის ჩასხმა.

 

ბეტონის ჩასხმის შემდგომ უნდა მოხდეს ჩასხმულ ნაწილში რაიმე სახის ინსტრუმენტით (დავუშვათ არმატურის ღერო) მასში "ჩხვლეტა", რათა გამყარდეს და მოხდეს სიცარიელეების ლიკვიდაცია. გაითვალისწინეთ, რომ სარტყელის ჩასხმა უნდა განხორციელდეს ერთიანად, არ უნდა მოხდეს ჩასხმის პროცესის გაჩერება, კერძოდ: ახალი მოზელილი ბეტონის ჩასხმამდე ჩასხმული ბეტონის მასის გაშრობა. მაშასადამდე, წინასწარ უნდა გავთვალოთ თუ რა საჭირო ოდენობის ბეტონია საჭირო. თუ მაინც მოხდა, რომ არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ბეტონი, უნდა მოხდეს უკვე ჩასხმული ბეტონის ბოლოების მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში გარკვეული სახის წინაღობით/ფირფიტით დაფიქსირება, ხოლო მას შემდგომ,როდესაც გავაგრძელებთ ბეტონის ახალი მასის ჩასხმას, მოვაცილოთ დაფიქსირებული ფირფიტა, მოვახდინოთ გადამბის ადგილის წყლით დასველება და ამის შემდგომ ახალი მასის ჩასხმა.