გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისათვის დასრულებულია ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება, რაც აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო ნაკადების შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა; ასფალტის საფარის ზედა ფენა უკვე დაგებულია 14 000 კვ. მ ფართობზე; უკვე დაწყებულია სამუშაოები მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებზე, ასევე, მიწის ქვეშ ექცევა საჰაერო კომუნიკაციები, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტროტუარები მოეწყობა; სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი, გარდა ამისა, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.