1. გეოლოგია
გეოლოგია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებაა, ჩვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მისი მეშვეობით ხდება მიწისზედა ნაწილის (ლითოსფეროს) შემადგენლობისა და აგებულების განსაზღვრა. ვინაიდან ზოგადად გეოლოგიას აქვს სხვადასხვა ქვე მიმართულებები (ლითოლოგია, ჰიდროგეოლოგია, კრისტალოგია, ვულკანოლოგია, სეისმოლოგია, სტრატიგრაფია), დღეს ვისაუბროთ საინჟინრო გეოლოგიაზე, რადგან სწორედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რომელიც განაპირობებს საპროექტო ნაგებობის ადგილმდებარეობის სწორ განსაზღვრას, კონსტრუქციის ტიპის ოპტიმალურად შერჩევასა თუ სამუშაოების წარმოების მეთოდს, რაზეც მოკლედ უკვე ვისაუბრეთ სამშენებლო პორტალზე „mshenebloba info” არსებულ წინა პუბლიკაციაში.
საინჟინრო გეოლოგიასთან დაკავშირებით განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ასევე გრუნტების მექანიკა და ჰიდროგეოლოგია (მეცნიერებას მიწისქვეშა წყლების შესახებ), ვინაიდან მათი კარგი ცოდნა გეოლოგის წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი საწინდარია.
გეოლოგია გეო - მიწა, ლოგოსი - ცოდნა.
2. საქართველო და გეოლოგია
როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სამშობლო, საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სადაც დიდი ადგილი უჭირავს წყალს, ამას ერთის მხრივ ქვეყნისთვის აქვს უპირატესობა, მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშენებლობისას, ისევე როგორც სეისმურობა, რომელიც მეტად აქტიურ რეგიონშია და ასევე თავად ქანებს, რომელთა ნაირსახეობაც მრავლადაა საქართველოში, საკმარისია თუნდაც ზემოდან დავაკვირდეთ როგორი რთულ რელიეფია საქართველოში და რა სირთულეებთან უწევთ მშენებლებს გამკლავება. გეოლოგიური პროცესებიდან ხშირად გვხვდება მეწყერიც, ეს არის მასების მოძრაობა ფერდის გასწვრივ, რაც უმეტესად მიწისქვეშა ზედაპირული წყლების მოქმედებით მიიღწევა და უამრავი კატასტროფის მიზეზია, ქვეყნის ისტორიას ახსოვს მეწყერის მიზეზებით, მთიდან ბარში ჩამოსახლებული ათასობით მოქალაქე (რაჭა, სვანეთი, აჭარა).

ყოველივე ეს რაც ზემოთ ვახსენეთ, კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებს იმის თაობაზე, ამდენი არახელსაყრელი პირობების გათვალსიწინებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად და აუცილებლად ვაწარმოოთ საინჟინრო გეოლოგიური კვლევები მშენებლობამდე და აღნიშნულის შესაბამისად ავაგოთ შენობა-ნაგებობა. ეს საშუალებას გვაძლევს ავარჩიოთ სამშენებლოდ ვარგისი ტერიტორია და გვქონდეს ნათელი წარმოდგენა, სად და რაზე ვაშენებთ. ასევე მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტა საძირკვლის შესახებ, რათა არ მოხდეს დამატებითი ხარჯისა და მუშა ძალის გაწევა, სწორად განსაზღვრულ შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომ პროცესებთან მიმართებში, როგორიცაა მშენებლობის ხანგრძლივობა, ფინანსური მხარე და რაც მთავარია საიმედოობა.
3. რა დროს გვესაჭიროება საინჟინრო გეოლოგიური კვლევა?
საინჟინრო გეოლოგიური კვლევა საჭიროა როგორც ახალი მშენებლობისას, ასევე უკვე არსებული ნაგებობის რეკონსტრუქციის დროს.
4. რისი დადგენა შეიძლება თანამედროვე საინჟინრო გეოლოგიური კვლევებით
ლიტერატურაში არის სხვადასხვა ნაშრომები, რუკები (იხილეთ ჩვენს საიტზე „მშენებლობა.ინფო“), იყო შემთხვევები ვიზუალური დათვალიერებით გადაწყვეტილიყო მშენებლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტულ საპროექტო ნაგებობის განთავსების მიწის ნაკვეთზე დეტალური გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რათა უტყუარი მონაცემები იქნეს მიღებული, შედეგად თავიდან იქნეს აცილებული უბედურება და მატერიალური ზარალი. ეს საკითხი უკვე კანონმდებლობითაც რეგულირდება და სავალდებულოდ არის მიღებული მშენებლობის ნებართვის პროცედურებში აღნიშნული კვლევების ჩატარება.
კვლევებით ასევე ვგებულობთ ქანების მექანიკურ თვისებებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია განისაზღვროს კონკრეტული ამა თუ იმ ქანის ქცევა მასზე გარეგანი მოქმედებების შედეგად, ასევე საძირკვლის დაპროექტებისას რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული თავად ქანის მზიდუნარიანობა.
5. კვლევების თანმიმდევრობა
გეოლოგი ან გეოლოგთა ჯგუფი თავდაპირველად ეცნობა ტერიტორიის შესახებ საფონდო საარქიოვო მასალებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საპროექტო ტერიტორია თბილისშია, უკვე არსებობს გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული რუკებიც (რუკა იხილეთ საიტზე http://mshenebloba.info), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გავიგოთ ტერიტორია გეოსაშიშროების მაღალ საშუალო თუ დაბალ ზონაშია, ასევე დაცულია მონაცემები ქვათაცვენის,მეწყერის, ღვარცოფის, ეროზიებისა და შეტბორვების შესახებაც.
ამის შემდგომ, უბანზე ხდება ჭაბურღილებით გაბურღვა, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს უფრო მარტივია და შეიძლება განხორციელდეს როგორც პროფესიონალური ავტომექანიზმით, ასევე მცირე სამუშაოების შემთხვევაში პორტატული შიგაწვის ძრავიანი საბურთი დანადგარის საშუალებებითაც.

აღსანიშნავია, რომ კვლევის წერტილები მონიშნული უნდა იყოს ნაკვეთის გეგმაზე, რაც შემდგომში დამკვეთს გამოადგება სანებართვო დოკუმენტაციაში წარსადგენად. წერტილების სიღრმე დამოკიდებულია ტერიტორიის ლითოლოგიურ აგებულებაზე, რაც ასევე რეგულირდება სამშენებლო ნორმებით და წესებით (ს.ნ და წ.1.02.07.-87 და სნ და წ. 2.02.01.- 83), საიდანაც ხდება დაურღვეველი სტრუქტურის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

დგინდება გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, წყლის არსებობის შემთხვევაში ხასიათდება თუ არა ძლიერი აგრესიით და სხვა.
კვლევით ნაწილში ხდება რელიეფის გეომორფოლოგიური და ჰიდროგრაფიული განხილვაც, მიეთითება წლის საშუალო ტემპერატურა, აბსოლუტური მინიმუმი და მაქსიმუმი, ტენიანობა, ნალექების წლიური რაოდენობა, ქარის წნევის ნორმატიული მნიშვნელობა, სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით ბალიანობა და ეს ყველაფერი უკვე დამპროექტებელს აძლევს საშუალებას, განსაზღვროს კონსტრუქციის ტიპები.
კვლევებით ცნობილი ხდება თუ რომელი ქანი რა სიღრმეზეა და ასევე ფიქსირდება თუ არა გრუნტის წყალი დაძიებულ სიღრმემდე. ქანების მიხედვით აიგება ჭრილები.
კვლევის შედეგებით დამკვეთს ეძლევა მითითება, თუ რომელ ქანზე (საინჟინრო გეოლოგიურ ელემენტზე, მოიხსენიებენ როგორც სგე) შეიძლება შენობის დაფუძვნება და როგორი საძირკვლით (მაგალითად ლენტური, რკინაბეტონის ფილა თუ სხვა). ასევე ტერიტორიის ამგები გრუნტები თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება სეისმურობით.
მაშასადამე, როგორც ხედავთ გეოლოგიური კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს არის საწყისი, რომლის შემდგომაც შესაძლებელია დაპროექტდეს ნაგებობა.
6. ვადები
უშუალოდ საველე სამუშაოებისათვის 1 დღეც საკმარისია, რამოდენიმე დღე სჭირდება ხოლმე ლაბორატორიას, რათა დადოს შედეგები, ტექსტური ნაწილისა და გრაფიკული მასალების მომზადება ასევე 1 დღეშია შესაძლებელი და უნდა ივარაუდოთ, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საბოლოო დოკუმენტის მისაღებად დაახლოებით 10 დღესა საჭირო.
7. ფასები
თბილისის მასშტაბით საწყისი ფასი 500 ლარიდან იწყება, რაც ბუნებრივია დამოკიდებულია ჭაბურღილების რაოდენობასა და სიღრმეზე, წყლის არსებობის შემთხვევაში მისი აგრესიულობის ლაბორატორიულ კვლევაზე და ისეთ ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს დოკუმენტის ღირებულება. ჭაბურღილის თითოეული მეტრისათვის მიახლოებით 100 ლარი უნდა იანგარიშოთ (გაითვალისწინეთ, რომ სამშენებლო პორტალის “Mshenebloba.info” ადმინისტრაცია არ ახორციელებს ასეთ მომსახურებას და გთხოვთ ნუ დაგვიკავშირდებით ასეთი სერვისის შესაკვეთად).

8. რისგან უნდა შედგებოდეს გეოლოგიური კვლევა
ტექნიკური დავალება
ტექნიკურ დავალებაში მითითებულია ვინ არის დამკვეთი, სად მდებარეობს ობიექტი, საპროექტო ნაგებობის სავარაუდო მონაცემები, შესრულების თარიღები, საძირკვლის ტიპი და სხვა
შესავალი
აქ ზოგადად მიმოიხილავენ ტერიტორიას, თუ რა მოქმედებები განხორციელდა კვლევების ჩასატარებლად,
გეომორფოლოგია და ჰიდროგრაფია
გეომორფოლოგიური დარაიონების მიხედვით თუ სად მდებარეობს ობიექტი, რომელ სისტემათა ნაწილს მიეკუთვნება, როგორია ნაკვეთი
ჰიდროგრაფიის მხრივ ფიქსირდება თუ არა რაიმე ჰიდროგრაფიული ერთეული და შეუძლია თუ არა მას რაიმე გავლენა მოახდინოს საპროექტო ნაგებობაზე
კლიმატური პირობები
განისაზღვრება კლიმატური დარაიონების რუკისა და მეტეოსადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, როგორია ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა, როდის იყო ყველაზე ცივი და ცხელი ტემპერატურა, როგორია ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე, ნალექიანობა, ნიადაგის ტემპერატურა, ჩაყინვის სიღრმე.
სეისმურობა
ცნობილია, რომ გეოლოგიური აგებულება, ქანები განსაზღვრავენ რეგიონის სეისმურობას და არსებობს შესაბამისი ნორმები, რომლითაც ამა თუ იმ რაიონის მიკუთვნებული აქვს შესაბამისი ბალიანობა.
დასკვნითი ნაწილი
აქ განხილული უნდა იყოს როგორი ფენები იქნა გამოყოფილი კვლევებით, როგორია მათი ფიზიკურ მექანიკური მახასიათებლები, გამოვლინდა თუ არა წყალი, რომელ საინჟინრო გეოლოგიურ ელემენტზე უნდა მოხდეს შენობის დაფუძვნება და თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ტერიტორია.
დოკუმენტს თან უნდა ერთვოდეს გრუნტის მახასიათებლების ცხრილი, რაც სასურველია ლაბორატორიული კვლევებით იქნეს განსაზღვრული და არა მხოლოდ აღებული ნიმუშებით. ეს უკვე გამოადგებათ ინჟინერ დამპროექტებლებს, რათა აწარმოონ საპროექტო ნაგებობის ანგარიში, რა დატვირთვებს გაუძლებს გრუნტი, აგრესიული წყლის არსებობის შემთხვევაში თუ რა დამატებითი მასალებით უზრუნველყონ ნაგებობის ხანგრძლივი მდგრადობა და საიმედოობა.
ჭაბურღილების განლაგების სქემა საკვლევ უბანზე, რომელიც დატანილი უნდა იყოს ტოპოგეგმაზე, სადაც კომუნიკაციების არსებობის შემთხვევაში სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს ამავე კომუნიკაციების მესაკუთრეებთან, რათა არ მოხდეს მათი ხაზობრივი ნაგებობების დაზიანება.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, ანუ მცირე ზომის ნაგებობებისათვის იღებენ ხოლმე 2-3 ჭაბურღილს, ნუ ყოველშემთხვევაში უნდა იყოს მინიმუმ 2 მაინც, რათა აიგოს ჭრილი). მნიშვნელოვანია, რომ ჭაბურღილები უშუალოდ საპროექტო ნაგებობის განთავსების ადგილას იქნეს აღებული. ამავე ტიპის ნაგებობებისათვის რამოდენიმე მეტრიანი ჭაბურღულიც საკმარისია, რომ გავიგოთ რამდენად იმოქმედებს საპროექტო ნაგებობა არსებულ გრუნტზე. თუ მაგალითად 5 მეტრიანი ჭაბუღილია და მყარ გრუნტამდე ვერ მოხდა ჩასვლა (მაგალითად ნაყარი მიწაა), ბუნებრივია უნდა გაიზარდოს ჭაბურღილის სიღრმე, ვიდრე არ დავიყვანთ სათანადო გრუნტამდე.
ლითოლოგიური ჭრილები, სადაც თვალსაჩინოდ უნდა ირკვეოდეს ფენების სიღრმე
გაუნაშენიანებელი ტერიტორიების შემთხვევაში ჩატარებული კვლევები სასურველია ხელახლა განხორციელდეს, თუ მისი ჩატარებიდან უკვე გასულია 5 წელი და მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.
9. მშენებლობა გეოლოგიის გარეშე
დღევანდელი კანონმდებლობით, მხოლოდ მარტივი, ყველაზე დაბალი საფრთხის მქონე, ანუ პირველი კლასის ნაგებობებს არ ესაჭიროებათ საინჟინრო გეოლოგიური კვლევების ჩატარება, სხვა შემთხვევაში სამშენებლო ნებართვის გაცემა ისედაც გამორიცხულია მუნიციპალიტეტის მხრიდან, ვინაიდან სავალდებულო დოკუმენტად არის მიჩნეული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის წარდგენა. უფრო მეტიც, საინჟინრო კვლევას თან უნდა ერთვოდეს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შესრულებული შეფასება, რომელმაც უნდა დაადასტუროს, კვლევები პასუხობენ თუ არა მოქმედ მოთხოვნებს და იყოს ცალსახა - დადებით ან უარყოფითი.

მიუხედავად ამისა, თუ მაინც მოხდა კვლევების გარეშე მშენებლობის წარმოება, უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ შენობა-ნაგებომ შესაძლოა განიცადოს ე.წ. ჯდენა.